სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







понедельник, 16 октября 2017 г.

ტექსტის გააზრება




როდიონ ქორქია

რატომ უყვარს ადამიანს ცხენი

ადამიანმა ქოხი რომ დაიდგა, ცხოველებიც მოიშინაურა ეს ასე მოხდა: ტყეში ნადირმა შეაწუხა ცხოველი. დაიწყეს ცხოველებმა მშველელის ძებნა. ერთ დღეს ხარი მივიდა ადამიანთან და უთხრა - შენთან დამტოვეო.
- რას მომცემო? -  ჰკითხა ადამიანმა.
- ვიმუშავებ, უღელში შეგებმები, ხორცსა და ტყავს მოგცემ. რამდენიც გინდა, მირტყი, არ გავიქცევი, - უთხრა ხარმა.
”ძალიან მორჩილი ყოფილა”, - გაიფიქრა ადამიანმა და დაიტოვა ხარი.
მერე ძროხა მოვიდა.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- რძეს, ყველს, ხორცსა და ტყავს მოგცემ. შენი შვილების ძიძა ვიქნები, - უთხრა ძროხამ.
მოეწონა ადამიანს ძროხა და დაიტოვა.
მოვიდა თხა.
- ბე-კე-კე-კეეე! - დაიკიკინა თხამ.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- რძეს, ხორცს, ტყავს მოგცემ და შენს ბავშვსაც გავართობ, - უპასუხა თხამ.
დაიტოვა ადამიანმა თხაც.
კამეჩი მოადგა ქოხს.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- რძეს, ხორცს, ტყავს მოგცემ. ვიმუშავებ, უღელს გავწევ. მე ძალიან ღონიერი ვარ, ამიტომაც დავდივარ მძიმედ, თორემ რომ გავირბინო, ქვეყანა დაიქცევა, - მიუგო კამეცმა.
- დარჩი ჩემთან, ოღონდ არ ირბინო, - უთხრა ადამიანმა.
ახლა ღორი მოადგა ქოხს და დაიღრუტუნა.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- ხორცს, ტყავს და ჯაგარს მოგცემ, მაინცდამაინც მოვლით არ შეგაწუხებ. მე თვითონ შევინახავ თავსო, - უპასუხა ღორმა.
ადამიანმა დაიტოვა ღორიც.
ბოლოს ცხენი მოადგა ქოხს. კისერი ამაყად მოიღერა, შავი მსხვილი თვალები დააბრიალა, ფაფარი შეარხია, წვრილი ფეხები ასწი-დასწია და დაიჭიხვინა.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- ჯერ გამარჯობა მითხარი, უფროსი ხარ, - უპასუხა ცხენმა.
ადამიანი მიესალმა. ცხენმაც თავი დაუკრა და იდგნენ ერთხანს ჩუმად.
- ბრძანე, რით გემსახურო? უფროსი ბრძანდები, - უთხრა ცხენმა.
ადამიანმა ახედ-დახედა ცხენს. მოეწონა, ძალიან მოეწონა და უთხრა:
- მე შენ უღელში ვერ შეგაბამ!
- მე არც დავიდგამ უღელს, - უპასუხა ცხენმა და ამაყად ასწია თავი. - არც ხორცს მოგცემ და არც ტყავს გაგაძრობინებ!
გაუკვირდა ადამიანს, მაგრამ ძალიან მოეწონა ცხენის თავმოყვარეობა და უთხრა:
- მაშ თქვი, რაში გამომადგები?
- ომში წაგიყვან სავაჟკაცოდ და შენთან ერთად ვიომებ; ქორწილში წაგიყვან თოხარიკით, ჯარობაში გაგაქროლებ და მარულა-თარჩიაში გასახელებ; რომ მოკვდები, შავს გადავიფარებ და შენს ცხედართან დავდგები თავდახრილი, - უპასუხა ცხენმა.
- თანახმა ვარ! - გაუხარდა ადამიანს.
- ოღონდ სისუფთავე მიყვარს, უნდა დამბანო და დამვარცხნო, - ჩამოართვა პირობა ცხენმა ადამიანს.
- თანახმა ვარ! - გაიმეორა ადამიანმა.
აი, ამიტომ უყვარს ადამიანს ცხენი.

ლექსიკონი:
თოხარიკი - ცხენის მოხდენილად სიარული.
ჯარობა - შეკრებილი ხალხის დროსტარება, გართობა.
მარულა-თარჩია - ძველებური ქართული ცხენოსნური სპორტის სახეობანი.

კითხვები და დავალებები

1. ტექსტის მიხედვითრის შემდეგ დაიწყო ადამიანმა ცხოველების მოშინაურება?
ა) როცა გამოქვაბულიდან გამოვიდა და სახლი ააშენა;
ბ) როცა პირველი ქოხი აშენდა დედამიწაზე.
2. ახსენი, რა იგულისხება სიტყვებში: ”ტყეში ნადირმა შეაწუხა ცხოველი”?
3. მიუწერეთ ნომერი იმის მიხედვით, რა თანამიმდევრობით მივიდნენ ეს ცხოველები ადამიანთან?

 ღორი  როხა თხა  ხარი ცხენი კამეჩი

4. დაასრულეთ წინადადებები.

• ადამიანს რძეს აძლევს ___________,  _______________ და _____________ .
• ადამიანს უღელში შებმული ემსახურება _____________ და ___________.
• ადამიანს ხორცს და ტყავს აძლევს _________________ , ______________, _____________________, ____________________ და __________________ . 

5. ამოკრიბეთ ტექსტიდან და ჩამოწერეთ ყველა სარგებელი, რაც თითოეულ ცხოველს მოაქვს ადამიანისთვის, შემდეგ შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

• სარგებელი, რომელიც მოაქვს მხოლოდ ღორს, არის __________________.
• სარგებელი, რომელიც მოაქვს მხოლოდ ცხენს, არის __________________
_____________________________________________________________ .
• სარგებელი, რომელიც მოაქვს მხოლოდ ძროხას, თხას და კამეჩს, არის _____________________________ .
• სარგებელი, რომელიც მოაქვს მხოლოდ თხას, არის __________________ .

6. როგორ ფიქრობ, რატომ უთხრა ადამიანმა კამეჩს: „დარჩი ჩემთან, ოღონდ არ ირბინოო“?
7. რა მოეწონა ადამიანს ხარში?
8. რას ნიშნავს ძროხის სიტყვები: „შენი შვილების ძიძა ვიქნები“?
9. ცხენის რა თვისება მოეწონა ადამიანს ყველაზე მეტად? 
10. საუბრისას რომელ წესებზე მიუთითა ცხენმა ადამიანს?
11. როგორ აღწერს ავტორი ცხენს? გადმოეცი თქვენი სიტყვებით. 
12. რა არის ამ ზღაპრის მთავარი თემა? რა მიუთითებს ამაზე? წაიკითხეთ შესაბამისი ადგილები.

13. ტექსტის მიხედვით, ცხოველებმა თვითონ მიაკითხეს ადამიანს და შესთავაზეს თავიანთი სამსახური. როგორ ფიქრობ, მართლა ასე მოხდა? თუ გსმენიათ ან წაგიკითხავთ რამე ამ თემაზე?

წერითი დავალება
14. ამოკრიბეთ ტექსტიდან ძირითადი ინფორმაცია და დაწერეთ წაკითხული ზღაპრის გეგმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!