მიზანი:
ისმენს და ადეკვატურად
აღიქვამს ინფორმაციას. იხსენებს მანამდე მოსმენილს(წაკითხულს), ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების თანამიმდევრობას ტექსტში; პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას
(მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.); აფასებს პერსონაჟსა და მის საქციელს (კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა, დამჯერია/ჯიუტია და ა.შ.);
უნდა შეძლოს და ევალება (3)
1.ინტერაქცია (კითხვა-პასუხი)ტექსტის შესახებ;
2. პერსონაჯების დამახსოვრება
და მათი დახასიათება;
3. მოსმენილი ტექსტის რომელიმე მონაკვეთის/ილუსტრაციის შექმნა და დასათაურება
.
4. შეფასება მოსმენილის (მოეწონა / არ მოეწონა), შეეცადოს ნათქვამის ახსნას.
გუგა და ბუბა (გაგრძელება)
შინაურობაში ცოტა გაყოფილნი არიან, გუგა უფრო დედისაა, ბუბა მამისა. მამა ზოგჯერ ღვინოს სვამს, ნასვამი მამა დედას აუხირდება, - ბავშვებს ნუ სწყევლი, ნუ სცემო, კრეტინებს და დეგენერატებს ნუ ეძახი, კრეტინები და დეგენერატები თქვენს ნათესაობაში მოიკითხეო. დედა ატირდება. გუგა ვერ ბედავს და ბუბა ემუქრება მამას, - გავიზრდები და მაშინ ნახავ, როგორღა წაეჩხუბები დედასო! მამა თავზე დაადებს ხელს და წკიპურტსაც დაარტყამს, ბუბა წითლდება და ბოღმით სივდება, იბერება. ამ დროს ძალიან მტრულად უყურებს მამას.
ოი, ეს როგორ დაგვავიწყდა! გუგა და ბუბა რომ წაიჩხუბებიან, ხომ ისე ჩანს, დასაკლავად გაიმეტებენ ერთმანეთსო, გამოენთებათ დედა და, თუ გუგას მიიმწყვდევს, ბუბა ეხვეწება, - მე მცემე, დედიკო, მაგას თავი გაანებე და მე მცემე, დედიკოო. თუ ბუბას უნდა მოუწიოს ღრიალმა, მაშინ გუგას აქვს გაწეული ყელი - მე მცემე, გენაცვალე, დედაო!
სკოლაშიც ძალიან კარგი სახელი აქვთ ძმებს, ხუთოსნებიც არიან და ძალიან წესიერებიც, ეზოშიც პირველობენ - ჩამოვიდნენ ალალიძეები, აბა, მიხედეთ, ან როგორ სუფთად აცვიათ, ან რა წესიერად იქცევიანო, - ამბობენ მეზობლები. თუ სასეირნოდ მიდიან დედასთან ერთად, შეუძლებელია დაინახო და არ დალოცო მოდგმა, რომელსაც ისინი ეკუთვნიან.
და აი, რა მოხდა ამ მშვენიერ ოჯახში ერთხელ.
ძველი ახალი წლის მეორე დღეს გუგამ როგორღაც მოიწყინა. დედამ რამდენჯერმე მიადო შუბლზე ხელი და ჰკითხა - ვაიმე, სიცხე ხომ არა გაქვს შენაო? - სიცხე არაო! - აგდებით თქვა გუგამ. მაგრამ ხუთი საათისთვის თერმომეტრი ჩაუდეს და ოცდაჩვიდმეტი გრადუსი და ხუთი ხაზი ჰქონდა. ახლავე უნდა დაწვეო. მაგრამ გუგა ჯიუტობდა, - არაო, არაო. დაბნელება რომ დაიწყო, კიდევ გაუსინჯეს სიცხე, ოცდათვრამეტი ჰქონდა, ცოტა უფრო მეტიც. მაშინ კი სასწრაფოდ ჩააწვინეს ლოგინში. ბუბა კიდევ გააფრთხილეს, ახლოს აღარ მოსულიყო გუგასთან, მაგრამ გუგა ახლა უკვე მშვენიერ გუნებაზე იყო, ეცინებოდა. ბუბას კიდევ რა გაფრთხილება დაიჭერდა, იდგა და, თვითონაც გაცინებული, გვერდით ხეხავდა გუგას საწოლს. გამოაგდებდნენ, ისევ მასთან იყო.
დილით ისევ ჰქონდა სიცხე გუგას, გულდაწყვეტილი ბუბა მარტო წავიდა სკოლაში. გაკვეთილებზე სულ დაღრუბლული იჯდა. მერი მასწავლებელმაც შეამჩნია ეს და ჰკითხა, - რა არის, რატომა ხარ რაღაც უგუნებოდ, ბუბაო? ბუბამ უთხრა, - ჩემი ძმა ავად არის, სიცხე აქვსო! - კარგად იქნება, კაცო, მაგაზე რა გადარდებსო! - რა ვიციო! - ბუბამ. მერი მასწავლებელმა ალერსით შეუსწორა ქოჩორი ბუბას.
ბუბა რომ სკოლიდან დაბრუნდა, უფრო მაღალი სიცხე ჰქონდა გუგას, გაუხარდა ბუბას დანახვა. ბუბა მივიდა და უცნაურად ჭრელი საშლელი მისცა, - ეს შენაო. - შენ თვითონ გაქვსო? მე არ მინდაო. გუგას ჭრელი საშლელიც გაუხარდა. დედა კი ისევ ჩხუბობდა და გუგასთან ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევდა ბუბას, შენც ავად გახდებიო. ბუბას ავად გახდომისა არ ეშინოდა. როცა ძმები ერთად იყვნენ ავად, უხაროდათ კიდეც. იწვნენ ერთმანეთის პირდაპირ და რეებს არ ლაპარაკობდნენ, რაზე არ იცინოდნენ! გუგას ახლა ის აინტერესებდა, რა იყო სკოლაში დღეს, რა მოხდა. ბუბა ფეხებთან გაუჩერდა და იქიდან მოუყვა, - ვიღაცამ კოხტად გახვეული ვირთაგვა მოიტანა და ხან ვის შეუგდეს მერხში, ხან ვის, ბოლოს ბოსტოღანაშვილს სტაცეს ხელი და ის შეათრიეს სამასწავლებლოში. ბოსტოღანაშვილი კიდევ, შენც იცი, ერთი დედალი ვინმეა, უთუოდ შარვალი ჩაისველა შიშითო. გუგას გულიანად ეცინებოდა, მერე გუგა ხატავდა და ახალი საშლელით ამაყად შლიდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!